
Grasser Lamborghini-მ რბოლაში ისტორიული გამარჯვება მოიპოვა
სპა, ბელგია – Grasser Racing Team-ის Lamborghini-მ, მირკო ბორტოლოტის, ლუკა ენგსტლერისა და ჯორდან პეპერის მეთაურობით, 2025 წლის სპას 24 საათიან დაძაბულ ბრძოლაში პირველი გამარჯვება მოიპოვა. ეს იყო ისტორიული მომენტი როგორც გუნდისთვის, ასევე იტალიური სუპერმანქანების მწარმოებლისთვის.
რბოლის ბოლო რვა საათი შეუფერხებლად მიმდინარეობდა და უსაფრთხოების მანქანა ტრასაზე მე-16 საათის შემდეგ აღარ გამოჩენილა. ამის ნაცვლად, რბოლის დასკვნითი ეტაპი სამი „სრული ყვითელი დროშის“ (Full Course Yellow - FCY) პერიოდმა განსაზღვრა, რომელთაგან ორმა გადამწყვეტი როლი ითამაშა გამარჯვებისთვის ბრძოლაში.
გადამწყვეტი მომენტი რბოლის მე-13 FCY პერიოდში, დაახლოებით 18.5 საათის თავზე დადგა, როდესაც #63 Grasser Lamborghini და Rowe Racing-ის #98 BMW (აუგუსტო ფარფუსი, ჯესი კრონი, რაფაელე მარჩიელო) ერთდროულად შევიდნენ პიტ-სტოპზე. მიუხედავად იმისა, რომ BMW-ს ტემპი რეალური კონკურენციის გასაწევად საკმარისი არ აღმოჩნდა, პიტ-სტოპიდან Lamborghini ლიდერის პოზიციაზე გამოვიდა.
მორიგმა FCY-მ, 20 საათის შემდეგ, პირველ პოზიციაზე #96 Rutronik Racing-ის Porsche (სვენ მიულერი, პატრიკ ნიდერჰაუზერი, ალესიო პიკარიელო) გადაიყვანა. ეკიპაჟსს გაუმართლა და ყვითელი დროშების ფაზაში მოახერხეს პიტ-სტოპის განხორციელება, რამაც Grasser-ის Lamborghini-სთან გამარჯვებისთვის დუელი გარდაუვალი გახადა.
Porsche-ს ეკიპაჟი ლიდერობას თითქმის ორი საათის განმავლობაში ინარჩუნებდა, სანამ კატასტროფა მოხდებოდა: მიულერს საშიშ ბლანშიმონის სექტორში საბურავი დაეშვა. საბედნიეროდ, მან მანქანის მართვა შეძლო და პიტ-ლეინამდე მიაღწია, თუმცა ეს საკმარისი აღმოჩნდა Grasser-ისთვის ლიდერობის დასაბრუნებლად.
თუმცა, Grasser-ის ბოლო პიტ-სტოპი კინაღამ კრახით დასრულდა, როდესაც ბორტოლოტიმ ძვირფასი წამები დაკარგა, რადგან მისი Lamborghini-ს ძრავა რთულად იქოქებოდა. ბორტოლოტიმ ჯამში ექვსი წამი დაკარგა და Porsche-სთან უპირატესობა ერთ წამზე ნაკლები გახდა.
ტრასაზე დაბრუნების შემდეგ, ბორტოლოტიმ კონტროლი შეინარჩუნა და ნიდერჰაუზერი უსაფრთხო დისტანციაზე დატოვა, საბოლოოდ კი 8.703 წამის უპირატესობით გაიმარჯვა.
Lamborghini გახდა მე-20 განსხვავებული მწარმოებელი, რომელმაც სპას 24 საათიანი რბოლა მოიგო. ეს ასევე პირველი გამარჯვებაა ამ რბოლაში სამივე მრბოლელისთვის.
მესამე ადგილი #51 AF Corse-ის Ferrari-ს (ალესიო როვერა, ვინსენტ აბრილი, ალესანდრო პიერ გუიდი) ერგო, რბოლის შემდგომი დროითი ჯარიმის წყალობით, რომელიც #98 Rowe BMW-ს ტრეკის საზღვრების გადაკვეთისთვის დაეკისრა. Ferrari-მ რბოლის დასაწყისში სამუხრუჭე სისტემის პრობლემა დაძლია და ერთი წრითაც კი ჩამორჩა, თუმცა შთამბეჭდავი დაბრუნება განახორციელა, რაშიც FCY-ს დროული პერიოდები დაეხმარა.
მათ უკან დაასრულა რბოლა იმავე გუნდის #50 Ferrari-მ (ანტონიო ფუოკო, ელისეო დონო, არტურ ლეკლერკი), რომელმაც სუფთა რბოლა ჩაატარა, მაგრამ გადამწყვეტ FCY პერიოდებში არ გაუმართლა.
Gold Cup-ის კატეგორიაში, #58 McLaren-ი (ადამ სმოლი, ფრედერიკ შანდორფი, დინ მაკდონალდი, ლუი პრეტე უმცროსი) კლასში გამარჯვების გზაზე იყო, როდესაც რბოლის დასრულებამდე რვა წუთით ადრე საბურავი დაეშვა. ამან, კლასის გამარჯვება #33 Verstappen.com Racing-ის Aston Martin-ს (ტიერი ვერმეულენი, კრის ლულჰემი, ჰარი კინგი) გადასცა, რომელიც ასევე საუკეთესო აღმოჩნდა Aston Martin-ებს შორის მას შემდეგ, რაც Pro კლასის ორივე მანქანა რბოლას გამოეთიშა.
რბოლა დაჩრდილა შემზარავმა ფაქტმა, მაღალსიჩქარიანმა ავარიამ: ლაურინ ჰაინრიხმა, რომელიც #22 Schumacher-CLRT Porsche-ს მართავდა, თითქმის 200 კმ/სთ სიჩქარის სხვაობით შეეჯახა შენელებულ #112 CSA McLaren-ს. სასწაულებრივად, ორივე მძღოლი უვნებელი გადარჩა.