სამუხრუჭე სისტემის 5 ტიპი (ცვეთის ნიშნები და რჩევები)
სამუხრუჭე სისტემა, თქვენი ავტომობილის უსაფრთხოების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, მუხრუჭის მწყობრიდან გამოსვლა, სახიფათოა თქვენი მგზავრების, სხვა მძღოლებისა და თქვენი სიცოცხლისთვის.
➤ როგორ მუშაობს სამუხრუჭე სისტემა?
მანქანისთვის, მოტოციკლისთვის, თუ თვითმფრინავისთვის, შენელებისთვის სამუხრუჭე სისტემა გადამწყვეტია. ავტომობილის ტიპებიდან გამომდინარე, მრავალი განსხვავებული სამუხრუჭე სისტემა არსებობს. სამუხრუჭე სისტემა მოიცავს სხვადასხვა კომპონენტს, რომლებიც მუხრუჭებსა და ბორბლებს შორის, ხახუნს უზრუნველყოფენ. მაგრამ პირველ რიგში, მოდით, უფრო დეტალურად განვიხილოთ ჰიდრავლიკური სამუხრუჭე სისტემის საფუძვლები - რომელსაც, სავარაუდოდ, თქვენს მანქანაში ნახავთ:
○ სამუხრუჭე პედალზე დაჭერისას, მბიძგველი ახორციელებს ზეწოლას მთავარ ცილინდრზე (რომელიცჰიდრავლიკური სითხითაა სავსე).
○ ცილინდრის დგუშები სითხეს მილებით, სამუხრუჭე სუპორტებში გზავნის და სუპორტის დგუშებს ააქტიურებს.
○ სუპორტის დგუშები სამუხრუჭე ხუნდებს როტორზე აჭერს (დისკერი მუხრუჭი), რაც ქმნის ხახუნს ავტომობილის შენელებისთვის. ანალოგიურად, დოლის მუხრუჭში, სამუხრუჭე ხუნდები სამუხრუჭე დოლს აწვება. ხახუნის შედეგად, კინეტიკური ენერგია სითბოდ გადაიქცევა.
➤ სამუხრუჭე სისტემების რა ტიპები არსებობს?
○ ჰიდრავლიკური სამუხრუჭე სისტემა - ჰიდრავლიკური მუხრუჭი, სამუხრუჭე სისტემაში ჰიდრავლიკური წნევის გადაცემით მუშაობს. მუხრუჭის პედალზე დაჭერისას, სამუხრუჭე სითხე ძირითადი ცილინდრიდან, მილსადენების გავლით, ბორბლის ცილინდრებში (ან სამუხრუჭე სუპორტში) მიეწოდება. ბორბლის ცილინდრის დგუში უბიძგებს სამუხრუჭე მასალას სამუხრუჭე დოლზე (დოლური მუხრუჭები), ან როტორზე (დისკური მუხრუჭები), რათა ავტომობილი გააჩეროს.
○ მექანიკური სამუხრუჭე სისტემა - მექანიკურ სამუხრუჭე სისტემაში, სამუხრუჭე პედალზე მოდებული ძალა, სხვადასხვა მექანიკური კავშირით, სამუხრუჭე დოლს გადაეცემა.მიუხედავად იმისა, რომ ძველი მანქანები ჯერ კიდევ იყენებენ ამ სისტემას, თანამედროვე ავტომობილებში, ის ძირითადად სასწრაფო მუხრუჭის ასამოქმედებლად გამოიყენება.
○ მუხრუჭების ბლოკირების საწინააღმდეგო სისტემა - მუხრუჭების ბლოკირების საწინააღმდეგო სისტემა (ABS), წნევის მოდულაციაზე მუშაობს, რაც ხელს უშლის თქვენი ბორბლების ჩაკეტვას (ბლოკირებას). ABS-ის კონტროლის მოდული ატარებს დიაგნოზს და ამუშავებს ინფორმაციას ბორბლის ბრუნვის სიჩქარის სენსორებიდან, განსაზღვრავს, როდის უნდა შეამციროს დამუხრუჭების წნევა. ამიტომ, როდესაც მუხრუჭებს აჭერთ, ის სწრაფად არეგულირებს წნევას ბორბლებზე (წამში 15-ჯერ). ამგვარად, მუხრუჭების ბლოკირების საწინააღმდეგო სისტემა, ხელს უშლის ბორბლების დაბლოკვას, რითაც ავტომობილის კომფორტულ გაჩერებას უზრუნველყოფს.
○ მუხრუჭების პნევმატური სისტემა - მძიმე მანქანები, როგორიცაა სატვირთოები, ავტობუსები და მატარებლები, პნევმატურ სამუხრუჭე სისტემას იყენებენ. ასეთი სამუხრუჭე სისტემა, ჰიდრავლიკური სითხის ნაცვლად, შეკუმშულ ჰაერს იყენებს. როგორ? საჰაერო სამუხრუჭე პედალზე დაჭერისას, სამუხრუჭე სარქველი, შეკუმშულ ჰაერს სამუხრუჭე კამერებში უბიძგებს, რითაც მუხრუჭებს აამოქმედებს. სამუხრუჭე პედლიდან ფეხის აშვებისას, ძირითადი ცილინდრის დგუში უბრუნდება საწყის პოზიციას. ამ დროს, წნევა იკლებს და მუხრუჭები თავისუფლდება.
○ მუხრუჭების ელექტრომაგნიტური სისტემა - ეს სამუხრუჭე სისტემა ფუნქციონირებს ხახუნის გარეშე დამუხრუჭებით, რაც ზრდის მისი მუშაობის ხანგრძლივობას და საიმედოობას. ელექტრული დენი გადის სამუხრუჭე კოჭებში და ელექტრომაგნიტურ ველს ქმნის. ეს ველი კოჭს ელექტრომაგნიტად აქცევს, რომელიც იზიდავს მბრუნავ ლილვზე (ბორბლის) მიმაგრებულ ღუზას. ეს მაგნიტური მიზიდულობა, მბრუნავ ლილვს აჩერებს. თქვენ შეგიძლიათ, ასეთი სამუხრუჭე სისტემა, თანამედროვე ან ჰიბრიდულ ავტომობილებზე იხილოთ, მაგრამ მათ ჩვეულებრივ, ტრამვაებში და მატარებლებში იყენებენ.
რომლებია სამუხრუჭე სისტემის მნიშვნელოვანი კომპონენტები?
➤ რა არის დისკური მუხრუჭი?
ესაა სამუშაო მუხრუჭი, რომელიც წინა ბორბლებზე დგება (და ოთხივეზე ზოგ თანამედროვე ავტომობილში) რომელიც შედგება:
○ მუხრუჭის როტორი: სამუხრუჭე როტორი არის წრიული დისკი, რომელიც ბორბლის მორგვზეა მიმაგრებული. ის კინეტიკურ ენერგიას (მოძრაობას) სითბოდ (თერმული ენერგია) გარდაქმნის.
○ სამუხრუჭე ხუნდი: შედგება ფოლადის საყრდენი ფირფიტისგან, ხახუნის სქელი მასალით. ის მიბმულია გვერდით, სამუხრუჭე როტორებთან.
○ სამუხრუჭე სუპორტი: სამუხრუჭე სუპორტის მეშვეობით, სამუხრუჭე ხუნდები როტორს ეკვრის და მანქანის გაჩერებას უზრუნველყოფს.
➤ რა არის დოლური მუხრუჭი?
ძველი ან მძიმე მანქანები იყენებენ დოლურ მუხრუჭებს, როგორც ძირითად მუხრუჭებს. თქვენ ასევე შეგიძლიათ, ნახოთ ის ზოგიერთი თანამედროვე მანქანის უკანა ბორბლებზე.
○ სამუხრუჭე ხუნდი: ეს არის ნახევარმთვარის ფორმის კომპონენტი, დაფარული უხეში ფრიქციული მასალით.
○ სამუხრუჭე დოლი: სამუხრუჭე დოლი დამზადებულია სითბოს გამტარი და ცვეთისადმი მედეგი თუჯისგან და წარმოადგენს მუხრუჭის აუცილებელ კომპონენტს. ხახუნის შესაქმნელად, ის ებჯინება სამუხრუჭე ხუნდს.
○ ბორბლის ცილინდრი: ბორბლის ცილინდრი (მუხრუჭის ცილინდრი) თითოეულ ბორბალში, სამუხრუჭე ხუნდის ზემოთაა განლაგებული. მისი მეშვეობით, სამუხრუჭე ხუნდი დოლს აწვება, რაც ხახუნს წარმოქმნის.
○ მუხრუჭის პედალი: არის ნაწილი, რომელსაც სამუხრუჭე სისტემის გასააქტიურებლად, ფეხს აჭერთ.
○ მთავარი ცილინდრი: ჰიდრავლიკურ წნევას, სამუხრუჭე პედლიდან დამუხრუჭების მექანიზმს გადასცემს.
○ სამუხრუჭე მილსადენი: სამუხრუჭე მილსადენი პასუხისმგებელია სამუხრუჭე სითხის გადატანაზე, მთავარი ცილინდრის რეზერვუარიდან ბორბლებზე.
○ მუხრუჭის გამაძლიერებელი: მუხრუჭის გამაძლიერებელი, სამუხრუჭე პედალზე დაჭერის ძალის გასაძლიერებლად, ძრავის ვაკუუმს იყენებს. ის ჩვეულებრივ, ჰიდრავლიკურ სამუხრუჭე სისტემაში გვხვდება.
○ საგანგებო მუხრუჭი: საგანგებო მუხრუჭები (საპარკინგე, ხელის მუხრუჭი, ან ელექტრონული მუხრუჭები) ავტომობილის მოძრაობის აღსაკვეთად გამოიყენება.
➤ როგორ მოვუაროთ სამუხრუჭე სისტემას?
აქ მოცემულია მოვლის რამდენიმე ზოგადი რჩევა, რათა თქვენი სამუხრუჭე სისტემა უსაფრთხო იყოს:
მოერიდეთ სიჩქარის გადაჭარბებას: რაც უფრო სწრაფად მართავთ, მით უფრო მეტად გჭირდებათ მუხრუჭები (განსაკუთრებით ქალაქში). შედეგად, სამუხრუჭე სისტემის კომპონენტები ჩვეულებრივზე ადრე ცვდება.
შეზღუდეთ ხშირი მძიმე დატვირთვა: თქვენი მანქანით მძიმე ტვირთის ტარება, თქვენს მუხრუჭებს ტვირთავს, რის შედეგადაც, თქვენი მუხრუჭების ხუნდები და როტორები უფრო სწრაფად ცვდება.
შეამოწმეთ და შეცვალეთ სამუხრუჭე ნაწილები: დამუხრუჭება წარმოქმნის უზარმაზარ სითბოს, რაც გავლენას ახდენს მუხრუჭის მრავალი კომპონენტის სიცოცხლის ხანგრძლივობაზე. დროული ინსპექტირება და საჭირო ნაწილების შეცვლა, ხელს უწყობს გზაზე ავარიების და ძვირადღირებული რემონტის თავიდან აცილებას.
შეამოწმეთ სამხურუჭე სითხე: მისმა არაეფექტურობამ შეიძლება მნიშვნელოვანი ცვლილება მოგცეთ მუხრუჭის დროს, თუ სამუხრუჭე სითხე შესაცვლელია სასწრაფოდ შეცვალეთ ის.
განვიხილოთ რამდენიმე აშკარა ნიშანი იმისა, რომ თქვენს მუხრუჭებში რაღაც ისე არაა:
○ საჭე ვიბრირებს - დამუხრუჭებისას წარმოქმნილი ხახუნი და სითბო, დროთა განმავლობაში, სამუხრუჭე როტორების დაბრეცვას იწვევს, რის შედეგადაც, სამუხრუჭე ხუნდები, როტორის ზედაპირს არათანაბრად აწვება.
○ მუხრუჭების არაეფექტურობა - კიდევ ერთი გავრცელებული ნიშანია მუხრუჭის ხისტი პედლები ან მუხრუჭის გაქრობა (ავტომობილის შენელების უუნარობა).
○ უცნაური ხმები - დამუხრუჭებისას შეგიმჩნევიათ ღრჭიალი, ან წრიპინი? თუ ასეა, დროა, შეამოწმოთ და შეცვალოთ სამუხრუჭე ხუნდები, ან სამუხრუჭე დისკები.
○ მუხრუჭის მოციმციმე შუქი - მუხრუჭის შუქი თქვენს დაფაზე არის დეფექტური სამუხრუჭე სისტემის გარანტირებული ნიშანი და არ უნდა იყოს იგნორირებული.
○ მუხრუჭის გადახურება - მუხრუჭის გადახურების მიზეზი შეიძლება იყოს არასწორად დაყენებული, ან გაცვეთილი სამუხრუჭე ხუნდი, ან გაუმართავი სამუხრუჭე სისტემა.
○ ჰაერის ბუშტები - თანამედროვე სამუხრუჭე სისტემა არის ჩაკეტილი-მარყუჟული სისტემა, მაგრამ სამუხრუჭე სითხე არის ჰიგროსკოპიული (მიდრეკილია ატმოსფეროდან წყლის შთანთქმისკენ). მდუღარე სამუხრუჭე სითხის ორთქლმა, ასევე შეიძლება გამოიწვიოს სამუხრუჭე მილებში ჰაერის გაჩენა.
➤ დასკვნა
სამუხრუჭე სისტემები ნებისმიერი მანქანის განუყოფელი ნაწილია და საჭიროებს რეგულარულ მოვლას და მომსახურებას, არასასურველი ინციდენტების თავიდან ასაცილებლად.